ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, 80 დეპუტატის ხელმოწერით, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს ჩაბარდა.
პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
პროექტის ავტორად უმრავლესობაში შემავალი შემდეგი ფრაქციები: "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები", "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი" სახელდება. პროექტის ინიციატორი კი 80 დეპუტატია – მათ შორის არიან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები.
იმის მიუხედავად, რომ "რესპუბლიკელები" ქორწინების თემაზე საკონსტიტიციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერს ხელს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ამ თემით გარკვეული მარგინალური ჯგუფების სპეკულაციებსა და მის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას, ერთხელ და საბოლოოდ დაესვას წერტილი.
უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სავარაუდოდ, 14 მარტის სხდომაზე წარედგინება.
ამასთან, კონსტიტუციაში ცვლილებების განხორცილებასთან დაკავშირებული მაღალი კვორუმისა და განხილვის ხანგრძლივი პროცედურის გათვალისწინებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მოქმედმა პარლამენტმა მისი მიღება შეძლოს.