თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს მოუწოდებს, საკანონმდებლო სივრცეს არ გასცდნენ. როგორც ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, მას არ აქვს უფლება სენატის სხდომა გადადოს. "სენატის სხდომის გადადების უფლება აქვს მხოლოდ სენატს. რექტორს ამის გადადების მექანიზმი არ აქვს. მთავარია, ჩვენ არ ამოვარდეთ საკანონმდებლო სივრციდან, რასაც განსაზღვრავს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და რაც არის უნივერსიტეტის წესდება. წესდებით გათვალისწინებულია დღეს სენატის სხდომის ჩატარება. ჩემთვის მთავარია უნივერსიტეტი ასრულებდეს უმთავრეს ფუნქციას - სასწავლო-სამეცნიერო ფუნქციას და ნებისმიერი ექსცესი უნივერსიტეტისთვის მიუღებელია. ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის პოსტზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს.