ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი ხდება

ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი ხდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი ხდება.

ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ფიზიკური პირი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდება 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1 000 ლარით. წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

კანონპროექტის ინიციატორი საკრებულოს დეპუტატი თედო კობახიძეა. როგორც კობახიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ კანონპროექტი კანონის სახეს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს და 1-ლი სექტემბრიდან უკვე ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება.

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმსჯელა ჩემ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ხმაურს. პარლამენტში ინიციატორი იქნება ამ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ აღნიშნულ საკითხს, რითაც ხმაური ხდება დასჯადი როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. შემოდის სანქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი შენიშვნა რაც ჰქონდათ დეპუტატებს, ეს ეხებოდა პირველ ჯერზე გაფრთხილებას, რასაც მე დავეთანხმე. იმედია საგაზაფხულო სესიაზე ეს ყველაფერი იქნება კანონის სახით წარმოდგენილი და პირველი სექტემბრიდან ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება", - განაცხადა თედო კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობაც ექნება.