მომავალ წელს ჩვენი პოზიციები ეკონომიკის თავისუფლების მიმართულებით გაცილებით უკეთესი იქნება

მომავალ წელს ჩვენი პოზიციები ეკონომიკის თავისუფლების მიმართულებით გაცილებით უკეთესი იქნება

საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში, რომელსაც Heritage Foundation-ის ხელმძღვანელი პირები და ამავე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პერიოდული გამოცემის Economic Freedom Index-ის მთავარი ექსპერტები დაესწრნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებზე, რომ ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო თავისუფალი იყოს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს ბიზნესს განვითარებისთვის.

"შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, მონაწილეების მხრიდან ძალიან საინტერესო კითხვები იყო დასმული. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი პოზიციები ეკონომიკის თავისუფლების მიმართულებით გაცილებით უკეთესი იქნება" , - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ–ის დახმარების მნიშვნელობას რეფორმების წარმატებით განხორციელების საქმეში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე, აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც საქართველო ამ მიმართულებით იღებს.

ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმ წარმატებას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია ბოლო წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. ამავდროულად, მათ დაადასტურეს მხარდაჭერა ყველა იმ ინიციატივის მიმართ, რომელთა მიზანსაც ქვეყნის კიდევ უფრო მეტად განვითარება წარმოადგენს.

"ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე იმ შესანიშნავ პროგრესზე ვისაუბრეთ, რომელსაც საქართველომ ეკონომიკური და სოციალური კუთხით მიაღწია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კუთხით საქართველოს ძალიან კარგი კურსი აქვს აღებული. თქვენ ხართ მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კუთხით 23-ე ადგილზე. ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველომ საგრძნობლად გაიუმჯობესა პოზიციები ანგარიშებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის რაც დღეს აქ მოვისმინეთ. გაცილებით დიდია პროგრესი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების კუთხით"", - განაცხადა ვაჭრობისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორმა, ელჩმა ტერი მილერმა.

"მინისტრთან შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ორივე ქვეყანამ - შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ერთმანეთისთვის ორმხრივად სასარგებლოდ გააკეთოს. ხაზი მინდა გავუსვა ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსს, სადაც საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ველოდებით, რომ საქართველო ამ კუთხით კიდევ უფრო გაიუმჯობესებს პოზიციებს. ჩვენ ღრმად გვწამს ღია საზღვრების მნიშვნელობის. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა სავაჭრო ბარიერების შემცირების კუთხით, რათა უფრო გახსნილი ყოფილიყო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ჩემი აზრით, საქართველოსგან სხვა ქვეყნებმა უნდა ისწავლონ. ვიცე-პრემიერმა ახსენა რამდენიმე ეკონომიკური ინიციატივა. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ასოცირების შეთანხმებამ ვაჭრობის კუთხით, რომელიც საქართველოს ევროპასთან გააჩნია. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთთან, რომელსაც საქართველო ამჟამად აწარმოებს", - განაცხადა ვაჭრობისა და ეკონომიკის ცენტრის ანალიტიკოსმა ენტონი კიმმა.

Heritage Foundation "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი" 2016-ის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 23-ე პოზიციაზეა კვლავ "უმეტესად თავისუფალი" სტატუსით. 2015 წელს, საქართველო 22-ე ადგილს იკავებდა 73 ქულით.

2016 წლის შეფასებით, საქართველო, ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს იკავებს.

საქართველო უსწრებს შემდეგ ქვეყნებს, როგორიცაა: ფინეთი, შვედეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი, ლატვია, პოლონეთი, ესპანეთი, ბელგია, მაკედონია, სომხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, თურქეთი, იტალია, აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვა.

2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს 2 კომპონენტში წამყვანი პოზიციები უკავია, კერძოდ: ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტში, 178 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია და მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო ბიზნესის თავისუფლების კომპონენტში მე-14 ადგილი უკავია.