მხოლოდ პედაგოგების დადანაშაულება იმ შედეგებში, რომელიც დღეს გვაქვს, არ იქნებოდა სწორი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ მასწავლებლების მიერ პროფესიულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"რთული სტატისტიკაა და ეს სწორედ იმ დაუსრულებელი რეფორმების შედეგია, რომელიც ამ სფეროში პერიოდულად ხორციელდებოდა. იყო სერტიფიცირების სისტემა, ეს სისტემა შემდგომ ახალი სქემით შეიცვალა და ა. შ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავდოთ პედაგოგთა მომზადებისა და შემდეგ მათი სქემაში განაწილების გრძელვადიანი რეფორმის კონცეფცია, რაზეც ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდება. ეს პედაგოგებს გაუადვილებს საკუთარ სფეროში მომავალზე ორიენტაციას, იმიტომ, რომ მხოლოდ პედაგოგების დადანაშაულება იმ შედეგებში, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არ იქნებოდა სწორი. პედაგოგებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერიმენტები განიციდეს საკუთარ თავზე. შესაბამისად, მათ მოტივაცია, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით იმისთვის, რომ მიიღონ უკეთესი განათლება და იყვნენ უფრო ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესზე, არ ჰქონდათ დღემდე. მცირე ნაბიჯები დღეისთვის ამ კუთხით გადადგმულია", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა. "ბიზნესკონტაქტის" ინფორმაციით, პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა გადალახა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა ანუ დაახლოებით 8.%-მა შეძლო.
381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, 317-დან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 15%-მა მოახერხა.
საერთო რაოდენობის 9%-მა გადალახა ზღვარი ბუნებისმეტყველებაში. 19.%-მა ფიზიკაში და თითქმის 17%-მა ქიმიაში.
რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, საიდანაც ზღვარის გადალახვა 83-მა შეძლო, 29-დან 10-მა დაამტკიცა თავის კომპეტენცია გერმანულ ენაში, რაც შეეხება რუსულს, ამ შემთხვევაში ზღვარის გადალახვა გამოცდაზე გასული საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა შეძლო.
უნდა ითქვას, რომ ჩატარებული 19 საგნობრივი გამოცდიდან რუსული ენის 55%-იანი შედეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.