"გაზის მოცულობის გაზრდის პრობლემა გადაჭრილია"

გაზის მოცულობის გაზრდის პრობლემა გადაჭრილია და საქართველოს დეფიციტი აღარ შეექმნება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ბუნებრივ აირს ერთი მომწოდებლისგან არ იღებს. "მოლაპარეკებებს არამარტო "სოკართან" და "გაზპრომთან" ვაწარმოებდით. ასევე იყო მოლაპარაკება ირანთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ბუნებრივ აირს იღებს არამხოლოდ ერთი მომწოდებლიდან. ასევე, სამომავლოდ, შესაძლებელია, მივიღოთ ირანული გაზი", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა "რუსთავი 2"- ის გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, ე.წ. ყაზახის მილსადენი გარკვეულ რაოდენობაზე მეტს ვერ ატარებს. ეს პრობლემა დღესაც არის, თუმცა დავიწყეთ ერთობლივად მუშაობა შაჰდენიზიდან დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობაზე.

"არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ იყო ტექნიკური პრობლემა ბუნებრივი აირის მოწოდების. ე.წ. ყაზახის მილსადენი გარკვეულ რაოდენობაზე მეტს ვერ ატარებს. ეს პრობლემა დღესაც არის, თუმცა დავიწყეთ ერთობლივად მუშაობა შაჰდენიზიდან დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობაზე. გვქონდა არაერთი შეხვედრა კონსორციუმთან და დაახლოებით, 500 მილიონამდე კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარების შესაძლებლობა იქნება. ფაქტობრივად, აბსოლუტურად გვეხსნება ის პრობლემა, რაზეც იყო საუბარი", - განაცხადა კალაძემ.