დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ დროს, ხელშეკრულებებს ჯერ ხელს აწერდნენ და შემდგომ ნახულობდნენ, თუ რას მოაწერეს ხელი.
პაატა კვიჟინაძემ აღნიშნული განცხადება გუშინ, პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე გააკეთა, სადაც ენერგეტიკის მინისტრ, კახა კალაძეს მოუსმინეს.
პაატა კვიჟინაძემ ენერგეტიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულების გამო.
მისი თქმით, მთავრობა "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად მუშაობს.
„პრობლემა და ხმაური აწეულია მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები ერთის მხრივ, რუსეთთან და მეორეს მხრივ, აზერბაიჯანთან. მე აზერბაიჯანთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო - ისინი ჩვენი მეგობრები არიან და ყოველთვის გვეხმარებოდნენ, მაგრამ არ შეიძლება, ჩახვიდე ცარიელ-ტარიელი და იქედაან ნორმალური ხელშეკრულება წამოიღო. მოლაპარაკებებს თავისი ტაქტიკა, თავისი წესი აქვს. ამიტომ, იყო ეს მოლაპარაკებები, შესაძლოა, სხვა კუთხითაც იყო, მაგრამ ნახეს რა შეიძლება მოხდეს რუსეთიდან, ირანიდან და მივიდნენ გამართულად და მიიღეს ის, რაც უნდა მიეღოთ და მე მადლობას გადავუხდი. მე გავიხსენებდი სხვა რამეს: წეღან ვთქვი, რომ ჯერ ჩადიოდნენ და ხელს აწერდნენ და მერე ნახულობდნენ რას მოაწერეს ხელი. იგივე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თურქეთთან. თურქეთი, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ნახეთ, თავისუფალი ხელშეკრულება რა არის, რა წერია შიგნით. რაც ჩვენ გაგვაჩნია და ოდნავ ვუშვებთ, მაგალითად, ხორცეულში ფრინველი და კვერცხი, ან ბოსტნეული, ან ხილი, რასაც ჩვენ ოდნავ ვუშვებთ, ჩვენ მათი მხრიდან გვაქვს ნული ან მაქსიმუმ, 12, იმათი მხრიდან არის 70, 140, 200, 220. შეიძლება ასეთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და შემდეგ, ამით ვიამაყოთ? ამან რა მოგვცა. 2014 წელს, მილიარდ 450 მილიონი შემოვიდა იმპორტი და აქედან, გავიტანეთ 200 მილიონი და ახლა, მთავრობა იწყებს მუშაობას, რომ ეს გამოასწოროს“, - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.