გოგი თოფაძის განცხადებები ჩემთვის სიურპრიზი აღარ არის, მას შემდეგ რაც ყველა ოთახში სტალინის სურათის დაკიდება მოითხოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მმართველი გუნდის წევრის, გოგი თოფაძის მიერ თურქეთთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
ხიდაშელის თქმით, გოგი თოფაძის განცხადებებს ის აღარ აფასებს.
"არ ვაფასებ მის განცხადებებს, არც ერთი განცხადება ჩემთვის სიურპრიზი აღარ არის და აღარაფერი არ მიკვრის მას შემდეგ, რაც ყველა ოთახში სტალინის სურათის დაკიდება მოითხოვა. მისი განცხადებები ჩემთვის საინტერესო აღარ არის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ გუშინ, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საკომიტეტო მოსმენისას უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო "გაზპრომთან" თანამშრომლობის საკითხზე ქართულ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. თოფაძის თქმით, ეს გაუგებარია იმ ფონზე, როცა უამრავი "ნაგავი შემოგვაქვს" თურქეთიდან, რომელსაც "ჩვენი ტერიტორიები დაკავებული" აქვს.