"პოლიტიკაში უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ"

ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიონალური პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას, ახალი სახეები სჭირდება.

მისი თქმით, პოლიტიკაში უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ.

"პოლიტიკაში უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ. ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიუნალური პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას, ახალი სახეები სჭირდება. ეს არამარტო პარტია "ქართული ოცნების" არჩევანი უნდა იყოს, მითუმეტეს, ძველი პარტიებიც თუ იგივეს იზამენ, პოლიტიკური პროცესები საქართველოში ახალ საფეხურზე ავა, დემოკრატიული არჩევნები ძალიან საინტერესოდ და ელექტორატისთვის კომფორტულად წარიმართება", - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. 

კალაძე ყველას მოუწოდებს, მიუხედავად ოპონირებისა, მორალი წინ წამოსწიონ ახალი პოლიტიკური რეალობის ერთობლივად შექმნის გზაზე.

"თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლებელია პოლიტიკური ოპონირება და რეიტინგის დაგროვება, მუდმივად ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ჯანსაღი კრიტიკით და არა - დემაგოგიით. მესამე წელია, ვერ გამოვასწორეთ ბევრი რამ წინა ხელისუფლების, უფრო სწორედ, ერთი კაცის ხუშტურზე მორგებული რაღაც რეგულაციები, საკანონმდებლო ცვლილებები, სახელმწიფო უწყებები, თუ გაბერილი შტატები. ის, რასაც ხალხი ვერ ხედავდა, ან ხმას ვერ იღებდა შიშის გამო, გამჟღავნდა და გამოჩნდა ახლა. ბევრი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩაისახა, ახლანდელ ხელისუფლებას ბრალდება, არადა კანონის დაცვით, ხარვეზების ერთი ხელის მოსმით აღმოფხვრა ვერ გამოდის. ჩვენ, ახლა, დემოკრატიის მშენებლობის იმ სტადიაზე ვართ, როცა შავ სამუშაოებს ვასრულებთ, სამშენებლო ნაგავი უნდა გავიტანოთ და საძირკვლის გამყარება დავიწყოთ, ამ დროს, არამარტო ხელს გიშლიან, არამედ თავის გაფუჭებულს გაბრალებენ, რაც მინიმუმ საწყენია", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, რაც შეიძლება მალე, ქართული პოლიტიკა უნდა გამოვიდეს არანორმალური მდგომარეობიდან, აგრესიის და დესტრუქციის სტადიიდან და უნდა გავიდეს ახალ საფეხურზე, ღირსეული ოპონირებით და მკვეთრი პოლიტიკური კონცეფციით.

"უნდა ვიყოთ ახალი პოლიტიკური რეალობის შემქმნელები. პოლიტიკა ქვეყნისთვის საქმის კეთება უნდა იყოს და ამაში სარგებლის ნახვა და არა დემაგოგიის და საბოტაჟის ტრენაჟორი, ხალხის აგრესიაზე და მოტყუებაზე აგებული რეიტინგები. ვინც ამ საქმეში მიიღებს მონაწილეობას, იმას აქვს პოლიტიკური მომავალი, ვინც არა და დარჩება წარსულში და დავიწყებას მიეცემა", - განაცხადა კალაძემ.