დავით უსუფაშვილი:   სასკოლო განათლება არასწორად არის აწყობილი

დავით უსუფაშვილი: სასკოლო განათლება არასწორად არის აწყობილი

საქართველოში სასკოლო განათლება არასწორად არის აწყობილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავამჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტში კონფერენციის "სასკოლო განათლება საქართველოს მომავალი" დაწყებამდე განაცხადა.

უსუფაშვილის შეფასებით, კონფერენცია და განათლების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მომავალი უკავშირდება ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის განათლებულ საზოგადოებას.

"ჩვენი მომავალი უკავშირდება ძალიან ბევრ რამეს, ეკონომიკას, ევროინტეგრაციას, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ძალიან ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემას, მაგრამ უპირველესად ჩვენი მომავალი უკავშირდება განათლებულ საზოგადოებას, განათლებულ და თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ ყველა ის პრობლემა გადაჭრან, რაც ქვეყანას წინ უდგას. სხვა შემთხვევაში ჩვენი მცდელობები იქნება ფუჭი. განათლება კი იწყება სკოლაში და სამწუხაროდ, მთავრდება სკოლაში, ცუდად ხოლმე. არასწორად არის აწყობილი სასკოლო განათლება. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს ამ სფეროში, ამიტომ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ორდღიანი კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში დღეს პარლამენტში ათამდე მოხსენება იქნება წარმოდგენილი, ხვალ კი კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში გაგრძელდება, სადაც ასევე ორმოცამდე მოხსენება იქნება წარმოდგენილი.

"ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენ შევიმუშავოთ და განვახორციელოთ უკეთესი პოლიტიკა სასკოლო განათლების სფეროში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი დღე ხელს შეუწყობს ყველას, პარლამენტსაც, მთავრობსაც და ყველას, ვინც ამ სფეროში მუშაობს, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გვჭირდება განათლებული ხალხი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.