"აქციის ორგანიზატორი ლექტორი მამა-შვილი თსუ-ს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებთან დაახლოებას ცდილობენ"

გაზეთი "ვერსია" იმ ლექტორ მამა-შვილზე წერს, რომლებიც თსუ-ს ბოლოდროინდელი აქციების ორგანიზატორები არიან.

გამოცემის ინფორმაციით, ნიკოლოზ მეტრეველსა და ლევან მეტრეველს, რომლებიც თვითმმართველობისა და ახლადასარჩევი კანცლერის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ მიმართული აქციების ორგანიზებაში არიან ჩართულები და ჯერ კიდევ თსუ-ს რექტორის საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურობდნენ, აქტიური ურთიერთობა აქვთ რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ნიკოლოზ მეტრეველი ცოტა ხნის წინ რუსეთში ფორუმზე იმყოფებოდა, საიდან ჩამოსვლის შემდეგაც, აქტიურად ჩაერთო აქციებში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის კულუარებში ამბობენ, რომ ლევან მეტრეველი აქტიურად ცდილობს თსუ-ს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებთან დაახლოებას. 2014 წლის მარტში, იგი რუსეთის ფედერაციაში მოქმედი საზოგადოებრივ-პატრიოტული მოძრაობის Наследники победы-ს თავმჯდომარე ვალერი კალიაკინთან ერთად ორგანიზებას უწევდა „მორდავიის ნაციონალურ-კვლევითი სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორ სერგეი ვდოვინისა და თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას მიერ, ხსენებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესს. 2014 წლის 3-5 აპრილს, ნიკოლაი სილაევის და МГИМО-ს წარმომადგენლის ანდრეი სუშენცოვის ორგანიზებით, „საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხებზე“ ქალაქ თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ნიკოლოზ მეტრეველი და ლევან მეტრეველი. ხსენებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ლევან მეტრეველი და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არ იქნებოდა მომგებიანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ხოლო რუსეთთან ურთიერთობები უნდა გაუმჯობესებულიყო.

"2014 წლის აპრილში, ნიკოლაი სილაევის დავალებით, ლევან და ნიკოლოზ მეტრეველებმა საქართველოში ჩაატარეს კვლევა მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა პროცენტულობისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობის დადგენის მიზნით. ხსენებულ კვლევას ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ მეტრეველი (მოგეხსენებათ, რუსული მხარისგან დაკვეთილი მსგავსი კვლევები, როგორც წესი, მიზნად ისახავს საქართველოში ნატო-სადმი დამოკიდებულების უარყოფითი ტენდენციების ხაზგასმას). 2014 წლის მაისში ლევან მეტრეველი აქტიურად ცდილობდა თსუ-ს ბაზაზე რუსეთში მოქმედი და რუსეთის მთავრობის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი ფონდის русскии мир-ის წარმომადგენლობის გახსნას. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლება განიხილებოდა ნეგატიურ კონტექსტში, ხოლო 2012 წლის არჩევნების შემდეგ სტუდენტთა დამოკიდებულება რუსული ენის მიმართ შეიცვალა, რის არგუმენტადაც მას მოჰყავდა კვლევის შედეგები (2014 წელს ნიკოლოზ მეტრეველმა ჩაატარა კვლევა თსუ-ს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. კვლევის თემა იყო იმ დროისთვის აბიტურიენტებს შორის ეროვნულ გამოცდებზე რუსული ენის ჩამბარებელთა 10%-იანი ზრდის მიზეზის დადგენა). ლევან მეტრეველი აღნიშნავდა, რომ ხსენებული ფონდის წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციას. 2014 წლის ივნისში ლევან მეტრეველი აქტიურად ლობირებდა ნიკოლაი სილაევის ინიციატივას თსუ-სა და რუსეთის МГИМО-ს შორის თანამშრომლობით ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას და აღნიშნული მიზნით თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას", - აღნიშნულია სტატიაში.