გაზეთი "ვერსია" იმ ლექტორ მამა-შვილზე წერს, რომლებიც თსუ-ს ბოლოდროინდელი აქციების ორგანიზატორები არიან.
გამოცემის ინფორმაციით, ნიკოლოზ მეტრეველსა და ლევან მეტრეველს, რომლებიც თვითმმართველობისა და ახლადასარჩევი კანცლერის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ მიმართული აქციების ორგანიზებაში არიან ჩართულები და ჯერ კიდევ თსუ-ს რექტორის საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურობდნენ, რუსულ არასამთავრობოებთან კავშირი აქვთ.
გამოცემის ინფორმაციით, 2014 წლის ივლისში, ლევან მეტრეველი აქტიურად იყო ჩართული რუსეთის „დონის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და თსუ-ს მოლაპარაკებებში თსუ-დან რუსეთში სტუდენტების უფასოდ სასწავლებლად გაგზავნის ორგანიზების თაობაზე. ასევე ჩართული იყო მოლაპარაკებებში თსუ-ში ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე (ამ საკითხზე თსუ-ში შესაბამისი ფართის არარსებობის საბაბით გაგზავნილ იქნა უარის წერილი. როგორც ამბობენ, ლევან მეტრეველი მზად იყო, „დონის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლობის გახსნისთვის დაეთმო „კომპლექსური განვითარების ცენტრის“ ბალანსზე არსებული ფართი).
"2014 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლევან მეტრეველი ორგანიზებას უწევდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალისტის ა. რიბაკოვის წიგნის „დასავლეთ საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში: ტრადიციული ინსტიტუტების ტრანსფორმაციას“ ბროშურის სახით საქართველოში გამოცემას ქართულ და რუსულ ენაზე, რაც ტექნიკური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. 2014 წლის ოქტომბერში ლევან მეტრეველმა „კომპლექსური განვითარების ცენტრის“ სახელით გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება „დონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“. ამავე თვეში, ნიკოლაი სილაევის დაკვეთით, საქართველოს ტერიტორიაზე ლევან მეტრეველმა ჩაატარა კვლევა მოსახლეობის აზრით საქართველო-რუსეთის თანამშრომლობის საკითხში „რელიგიის ფაქტორის მნიშვნელობის დადგენის მიზნით“. 2015 წლის ივნისში ლევან მეტრეველი 2015-2016 სასწავლო წელს თსუ-ში გეგმავდა ახალი სალექციო კურსის ორგანიზებას სახელწოდებით „საქართველო და რუსეთი, ისტორიული პერსპექტივები“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით, კურსის ფარგლებში იგეგმებოდა ლექტორების მოწვევა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. აღნიშნული მიზნით, ლევან მეტრეველი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ДОнской государственный технический университет-თან, ქალაქ მოსკოვის „საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტთან (МГИМО), ქალაქ გროზნოს „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ და რუსეთის ფედერაციის „ნაციონალურ კვლევით უნივერსიტეტთან“ (რომლის ხელმძღვანელი არის რამზან კადიროვის ნათესავი). 2015 წლის სექტემბერში ლევან მეტრეველი, თსუ-ს ყოფილ რექტორ როინ მეტრეველთან ერთად, „დონის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მოწვევით იმყოფებოდა ამავე უნივერსიტეტის 110 წლისადმი მიძღვნილ იუბილეზე მოსკოვში. 2015 წლის ნოემბერში ლევან მეტრეველმა, ნიკოლაი სილაევის დავალებით, საგარეჯოს რაიონში ჩაატარა კვლევა მოსახლეობაში პრორუსული განწყობის დადგენის მიზნით.