გაზეთი "ვერსია" უნივერსიტეტის ლექტორებზე, მამა-შვილ ლევან და ნიკოლოზ მეტრეველებზე წერს, რომლებიც თსუ-ს აქციების ორგანიზატორები არიან.
გამოცემის ინფორმაციით, მამა-შვილი თვითმმართველობისა და ახლადასარჩევი კანცლერის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ მიმართული აქციების ორგანიზებაში არიან ჩართულები და ჯერ კიდევ თსუ-ს რექტორის საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურობდნენ.
"ნიკა მეტრეველი ჯერ კიდევ ალექსანდრე კვიტაშვილის გადაყენების მოთხოვნით მიმდინარე აქციებზეც ძალიან აქტიურობდა და როცა მიზეზით დავინტერესდით, განგვიმარტეს, რომ მამა – ლევან მეტრეველი, ვლადიმერ პაპავას ახლო მეგობარია. პრინციპში, არაფერია იმაში ცუდი, თუ მეგობარი მეგობარს მხარს დაუჭერს, თუმცა დღეს, უკვე ღიად საუბრობენ, რომ ამ მხარდაჭერის გამო, მათ თსუ-ს მე-8 კორპუსში საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საოფისე ფართი მიიღეს", - წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია აღნინული, ლევან მეტრეველი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ყოფილი წევრია.
ლევან და ნიკოლოზ მეტრეველებმა 2013 წელს ჩამოაყალიბეს არასამთავრობო ორგანიზაცია „კომპლექსური განვითარების ცენტრი“, რომლის მიზანია სოციალურ-ეკონომიკურ, საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო უსაფრთხოების და რელიგიურ საკითხებზე კვლევების ჩატარება, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.
"კომპლექსური განვითარების ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში რუსული პროპაგანდის და რუსული „რბილი ძალის“ პოლიტიკის კოორდინატორთან, მოსკოვის МГИМО-ს წარმომადგენელთან ნიკოლაი სილაევთან. მისი დაკვეთით აწყობს სემინარებს, კვლევებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებს. "კომპლექსური განვითარების ცენტრს" 2013 წელს ნიკოლაი სილაევის დაკვეთით ჩატარებული აქვს შემდეგი თემატიკის კვლევები: საქართველოს მონაწილეობა სირიის კონფლიქტში; საქართველოში ახალგაზრდობის დამოკიდებულება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმართ; თბილისელების დამოკიდებულება ქალაქ სოჭში ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და სხვა. 2013 წლის 23-27 აპრილს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში გაიმართა დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც ასევე მიწვეულნი იყვნენ დსთ-ს ქვეყნებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები", - აღნიშნულია სტატიაში.