ევროკავშირმა აღიარა, რომ ჩვენ ვიცით საზღვრის მართვა, უსაფრთხო დოკუმენტების წარმოება

ევროკავშირმა აღიარა, რომ ჩვენ ვიცით საზღვრის მართვა, უსაფრთხო დოკუმენტების წარმოება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროკავშირში უვიზოდ შესვლის პროცედურები განმარტა. როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ უვიზო მიმოსვლა უკვე ზაფხულისთვის ამოქმედდება, ხოლო უვიზოდ შესვლის დროს პროცედურა ყველამ უნდა დაიცვას.

"გუშინ აღიარა ევროკავშირმა, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელზეც ევროკავშირი ამბობს, რომ ვიცით საზღვრის მართვა, რომ ჩვენ ვიცით უსაფრთხო დოკუმენტების წარმოება. ეს ყველაფერი გუშინ იქნა აღიარებული. უვიზო მიმოსვლა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უკანასკნელი თაობის ბიომეტრიული პასპორტი. როდესაც ჩვენ შევალთ ევროკავშირის იმ ზონაში, რომლისთვისაც გაიხსნება საზღვრები, აუცილებლად უნდა დავიცვათ იქ ყოფნის მაქსიმალური ვადა. ჩვენ გვინდა ჩვენი მოქალაქე გათვითცნობიერებული იყოს. უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევალთ ევროკავშირის ქვეყანაში და იქ დავსახლდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეძლევა უფლება შევიდეთ უვიზოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და იქ დავრჩეთ სამუშაოდ. თუ ეს მოხდება, ეს იქნება წესების დარღვევა და ასეთი მოქალაქე იქნება მოცემული ტერიტორიიდან გამოძევებული. ამიტომაც გადავუხადე ჩვენს სამართალდამცავებს, პოლიციის ატაშეებს, მიგრაციის სპეციალისტებს მადლობა, რომ მათ ითანამშრომლეს ევროპელ კოლეგებთან და შევთანხმდით შემდეგზე, რომ ასეთ მოქალაქეებს, ვინც უვიზო მიმოსვლის წესებს დაარღვევს, ჩვენ მათთან ერთად უკან, საქართველოში დავაბრუნებთ და შემდეგ უკვე იქნება რამდენიმეწლიანი აკრძალვა ევროკავშირში შესვლაზე", - განმარტა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ნიშნავს სიახლეების ნახვას, ევროპული კულტურის გაცნობას და ამავდროულად ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოს კულტურის გაცნობას. ამასთან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ გამოიცა ბროშურა, სადაც უვიზოდ შესვლის პროცედურებია განმარტებული და ეს ბროშურები მოქალაქეებს პასპორტის აღების დროს გადაეცემათ.