ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ვადები ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ვადები ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ვადები ქართულ მხარეზე დამოკიდებული არ არის. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არის თანამიმდევრული იმ პოლიტიკაში, რომელსაც ის ახორციელებს მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში. საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის და იმ თავისუფლებებს, რომლებიც დღეს გვაქვს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, დაემატება კიდევ ერთი, უვიზოდ გადაადგილების თავისუფლება. ვფიქრობ, ეს არის ნათელი წინგადადგმული ნაბიჯი და დაფასება იმ შრომის და შედეგების, რაც ქართულმა საზოგადოებამ მიიტანა ევროკავშირის ყურადღებამდე", - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან არაერთი საუბარი შედგება, რათა სიურპრიზები არ იყოს.

კითხვაზე, რა ვადებში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ქართულ მხარეზე დამოკიდებული არ არის.

"პროცედურები მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან არის განსახორციელებელი, ამიტომ ვადები ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ არსებული ქვეყნების პრაქტიკიდან და მოვიშველიოთ ევროკომისრის შეფასება, რომელიც ამ პერიოდს დაახლოებით 3-4 თვით ახასიათებს", - აღნიშნა მინისტრმა.

ბაქრაძემ დღესვე დარჩენილი პროცედურები განმარტა. მისი თქმით, ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში სხვადასხვა პროცედურები გაიმართება.

"ევროკომისიის ფარგლებში განსაზღვრული ვალდებულებები დასრულდა და ევროკომისიამ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამეტს. ამის შემდეგ პარალელური პროცესები წავა როგორც ევროპარლამენტში, ისე ევროპულ საბჭოში. პარლამენტში წინადადების შესვლის შემდეგ საკითხი გადავა შინაგან და იუსტიციის კომიტეტის კომპეტენციაში, ამ საკითხის მოსამზადებლად პარლამენტში წარსადგენად. საკითხი გავა კომიტეტზე, რომელიც კენჭს უყრის და უბრალო უმრავლესობით მიიღებს კანონპროექტს, შემდეგ საკითხი წავა პლენარულ სხდომაზე, სადაც ასევე უბრალო უმრავლესობით მიიღებენ. პარალელურად ევროკავშირის საბჭოში განხილვები შედგება მუდმივი წარმომადგენლების, მინისტრების და წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე", - განმარტა ბაქრაძემ.