საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.
"მივესალმებით ევროკომისიის მიერ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა. ევროკომისიის წინადადება ეფუძნება 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა ოთხი ძირითადი მიმართულებით: დოკუმენტების უსაფრთხოება; საზღვრის მართვა, მიგრაცია, თავშესაფარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; ადამიანის ძირითადი უფლებები", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროკომისიის წინადადებას რეგულაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ განიხილავენ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო.
"ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ, ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს განახლებულ რეგულაციას და ცვლილებას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცვლილების საფუძველზე საქართველო შეტანილ იქნება იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობენ. ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება რეგულაციის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 20 დღეში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში შესაბამისი პროცედურები დროულად დასრულდება და უახლოეს მომავალში, ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე გაემგზავრონ მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
"ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში შესაბამისი პროცედურები დროულად დასრულდება და უახლოეს მომავალში, ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე გაემგზავრონ მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით: მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება 30 ქვეყანაზე: შენგენის სივრცის ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანა: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, მალტა. შენგენის კანდიდატი, ევროკავშირის 4 წევრი ქვეყანა: კვიპროსი, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი. შენგენის ასოცირებული 4 ქვეყანა: ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია.
"საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.