გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდება

გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, საქართველოს მეგობრებს და პარტნიორებს, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა პროცესის ასე პოზიტიურად წარმართვაში.

"ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ასევე ჩვენი ქვეყნის და ხალხის ძალიან დიდი წარმატება. ევროკომისიის მხრიდან ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში - ეს არის ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი. ალბათ, რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარს, საკანონმდებლო წინადადების ინიცირებისათვის და რა თქმა უნდა, ევროკომიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. მადლობას ვუხდი საერთოდ ყველას, ვინც პოზიტიური წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის ძალიან დიდი ძალისხმევის და დიდი შრომის შედეგი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას. მინდა მოგილოცოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.