ბაქოში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინსტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინოვი დახვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბაქოს მე-4 გობალურ ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმათავს.
საქართველოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.
ფორუმის პირველ პანელზე "მსოფლიო დღეს - როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს" გიორგი მარგველაშვილი 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრებს. სიტყვით გამოსლის შემდეგ დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
ფორუმის ამოცანაა მსოფლიო ლიდერებმა შეაფასონ გლობალური უსაფრთხოების ხელისშემშლელი სადავო და საკვანძო საკითხები და განსაზღვრონ ის შესაძლებლობები, რომელიც პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში დაეხმარებათ.
ფორუმის პირველი დღე ძირითადად გეოპოლიტიკური კრიზისის განხილვას დაეთმობა, მომდევნო დღისათვის კი მიზნობრივი ჯგუფები თემატური საკითხებს განიხილავენ - რეგიონში არსებულ გამოწვევების, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის, ენერგოუსაფრთხოების, კონფესიათაშორისი დიალოგის შესახებ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტევიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.