ევროკავშირთან ვიზალიბერალზიაცია იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება.
"ჩვენ ძალიან სწორად ვდგამთ ნაბიჯებს. საგარეო პოლიტიკის კუთხით გვაქვს ნამდვილად სერიოზული წინსვლა. ვცდილობთ ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი ევროპული პროექტი, ამავე დროს მაქსიმალურად ვამცირებთ გარე საფრთხეებს. ვცდილობთ მოვაგვაროთ ის პრობლემები რუსეთთან, რომელთა მოგვარება ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ პირობებში, როდესაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები", - განაცხადა აბაშიძემ.
როგორც ცნობიია, გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.