საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს შიდა საქმეებში, მიგრაციასა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს მადლობას უხდის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერი "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში წერს.
"დიდი მადლობა ბ-ნო ავრამოპულოს თქვენი პოზიტიური კომენტარისთვის. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი არის იმ რთული სამუშაოს აღიარება, რომელიც ყველა ქართველმა შეასრულა", - წერს კვირიკაშვილი.
კიდევ ერთ ტვიტში, რომელიც საქართველოს პრემიერმა დიმიტრის ავრამოპულოსის პრესკონფერენციის შემდეგ დაწერა, ის ევროკომისიის გადაწყვეტილებით კმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.