ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ , საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩმა კარინ პეწიმ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა მიმართეს.
როგორც "ინტერპრენიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი კარგი ტრადიციაა, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირი, რომლის დევიზია "ერთიანობა მრავალფეროვნებაში", საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისა და ტრადიციების, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების გრძელვადიანი გარანტი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის კულტურულ პროექტებში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობა, რისი ნათელი დადასტურება 2015 წელს ევროკავშირის პროგრამაში "შემოქმედებითი ევროპა" საქართველოს ჩართვაა.
"უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ევროპული სტრუქტურების არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კინემატოგრაფიის სფეროში. ეს თანამშრომლობა არის ურთიერთსასარგებლო და საქართველო, როგორც თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანა, თავის მხრივ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპულ კულტურულ მრავალფეროვნებაში" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიების მიერ, 9-იდან 18 მარტის ჩათვლით ჩატარდება თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, ქუთაისსა და მესტიაში.
"დღევანდელი ფესტივალი უდაოდ არის კარგი შესაძლებლობა, რომ ქართული საზოგადოება გაეცნოს თანამედროვე ევროპული კინოს ტენდენციებს და იხილოს ხარისხიანი ევროპული კინო. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დედაქალაქის მოსახლეობის გარდა, ევროპული კინემატოგრაფიასთან ზიარების შესაძლებლობა ექნება საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ კინომოყვარულებსაც" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.