დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება

დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება

მივესალმებით ევროკომისიის მიერ ამ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში , - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე გაკეთებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

ჯანელიძის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება. მინისტრმა გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ წარმატებას ქართული საზოგადოების მხარდაჭერით მიაღწია.

"დღეს ევროკომიასამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება შესაბამის რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის მიერ ამ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარება.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ 2013 წლის შემდეგ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და რეფორმა. ეს რეფორმები შედგებოდა ოთხი ბლოკისგან. პირველი ბლოკი არის დოკუმენტების უსაფრთხოება და ბიომეტრიკა, ანუ აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ბიომეტრიული პასპორტი, რათა ისარგებლოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. მეორე ბლოკი ეს იყო მიგრაცია და ინტეგრირებული საზღვრის კონტროლი, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა პოლიტიკა. მესამე ბლოკი ეს არის საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ხოლო მეოთხე ბლოკი არის საგარეო ურთიერთობები, ფუნდამენტური უფლებები.

რეკომენდაციების შესაბამისად, შეფასება მოხდა რამდენიმე ფაზად. პირველ ფაზაში შეფასდა ის საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური ჩარჩო, რომელიც საქართველოს მთავრობამ შექმნა და შერმდეგ მეორე ფაზაზე მოხდა ამ ცვლილებების იმპლემენტაციის განხორციელების ეფექტურობის შემოწმება.

ეს არის კიდევვ ერთი დადასტურება იმ წარმატების, რომელსაც ჩვნ მივაღწიეთ შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით, რა თქმა უნდა ჩენი საზოგადოების მხარდაჭერით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.