დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესონ

დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესონ

ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმართა.

შესაბამისი განცხადება ავრამოპულოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ავრამოპულოსის შეფასებით, ეს არის პოზიტიური ამბავი, თუმცა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან დეკემბერში ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დადებითი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

თავის განცხადებაში ევროკომისარმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პროგრესის მიღწევის საქმეში საქართველოს მთავრობის ძალისხმევას გაუსვა ხაზი. დიმიტრის ავრამოპულოსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

დიმიტრის ავრამოპულოსის პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ.