ირონიის გამოსახატად სიტყვა

ირონიის გამოსახატად სიტყვა "მახათს" ხმარობს მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელსაც ჯღანაობისთვის ამდენი დრო აქვს

დადასტურდა, რომ არა მხოლოდ "ქოცი" ქალბატონი მინისტრები ცქვიტობენ, მათ ეს ვაჟბატონიც უერთდება და ზვიგენის კონტროლქვეშ ერთად გამოსცემენ ჟურნალ "ნიანგს", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, ენერგეტიკის სამინისტროსთვის რუსეთიდან გადარიცხულ თანხაზე გივი თარგამაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ე.წ ზონდერ ჯგუფებს იყენებს, რომელსაც 20 დეკემბრამდე კახა კალაძის ცოლის ძმა ხელმძღვანელობდა.

"დადასტურდა, რომ არა მხოლოდ "ქოცი" ქალბატონი მინისტრები ცქვიტობენ. მათ ეს ვაჟბატონიც უერთდება და ზვიგენის კონტროლქვეშ ერთად გამოსცემენ ჟურნალ "ნიანგს". დღეს კიდევ ერთ სადეპუტატო შეკითხვაზე მივიღეთ პასუხად ფელეტონი. ამჯერად, უკვე ენერგეტიკის მინისტრისა და მთავრობის ვიცეპრემიერისგან. საინტერესოა, რომ ირონიის გამოსახატად სიტყვა "მახათს" ხმარობს მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელსაც ჯღანაობისთვის ამდენი დრო აქვს. მინდა გასაგებად განვაცხადო:

1. მე წარვადგინე გადარიცხვის ფურცელი იმ სახით, რა სახითაცაა შედგენილი;

2. ის, რომ სამინისტროს ანგარიში მხოლოდ ხაზინაში აქვს, არანაირად არ ხდის დოკუმენტს ყალბს;

3. დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გარანტორია კალაძის დეკლარაციაში მითითებული კომპანია "კალა კაპიტალი";

4. კალაძის მცდელობა, ესარგებლა ჟურნალისტის მიერ ამ ფირმის ბანკად მოხსენიებით და ყურადღება აქეთ გადაეტანა, ამწვავებს ეჭვს, რომ ამ გარიგების მთავარი მოთამაშე სწორად "კალა კაპიტალია";

5. უდიდესი ალბათობით, დოკუმენტში მითითებული TBC ბანკის ანგარიში ეკუთვნის "კალა კაპიტალს" ან კალაძის რომელიმე სხვა კერძო სტრუქტურას, რისი გარკვევაც მარტივად შეუძლია შესაბამის სტრუქტურას, რომლის ნების არარსებობის შემთხვევაში მე გამოვძებნი გზას ამის გადამოწმებისა;

6. კალაძის მცდელობა, გააბაიბუროს ფაქტი და არა თავად მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს სიმართლის დასადგენად, მარწმუნებს გადარიცხვისა და გარიგების უტყუარობაში;

7. ქართული ოცნების საარჩევნო "ზონდერჯგუფებს" რომლებიც ფუნქციობდა 20 დეკემბრამდე, ხელმძღვანელობდა კალაძის ცოლისძმა, იმ პერიოდში ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსი. მაგალითისთვის: იმ დღეს, როდესაც მიმდინარეობდა ენმ-ს ოფისების ტოტალური დარბევა, ეს ჯგუფი დაახლოებით 100 კაცის შემადგენლობით მობილიზებული იყო ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, ამ ჯგუფებში შესაბამისო თანხის სანაცვლოდ სპორტსმენების, ძირითადად, მოჭიდავეების მობილიზაციას ახდენდა გეგა გეგეშიძე, ჭიკაიძის ყოფილი დაცვის უფროსი, მოჭიდავე, ლავას ოღლის საზღვარზე გადმომყვანი და სხვა კრიმინალურ ჯგუფებთან ხელისუფლების მეკონტაქტე. ჯგუფში მოპატიჟების ტექსტში ყოველთვის ხაზი ესმებოდა, რომ სტრუქტურა იქმნებოდა კალატოზას კონტროლქვეშ;

8. გეგა გეგეშიძემ სპორტში ერთერთ მაღალი პოზიციის პირს, რომლის დასახელებაც მისი თანხმობის გარეშე არ მსურს, შესთავაზა ამ პოზიციის ხელისუფლების სასარგებლოდ დათმობა დიდი არჩევნებისთვის კალატოზასთვის შესაქმნელ სპეციალურ (ზონდერ) სტრუქტურაში პოზიციის დაკავების სანაცვლოდ,"- განაცხადა გივი თარგამაძემ.

9. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისი მასალაა ბმის დასანახად და ხსნებული მახათის კალაძისთვის უკან მისატრიალებლად.

P.S. კალაძემ უკვე არაპირველად ახსენა, რომ მე სახლში მიზის კრიმინალი. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი მეუღლე და ორი ქალიშვილი. ეგებ ბატონმა ვიცეპრემიერმა დააკონკრეტოს, რომელზე აქვს ეჭვი?!", - განაცხადა გივი თარგამაძემ.