ზვიად კვაჭანტირაძე თურქეთთან დაკავშირებით გოგი თოფაძის განცხადების გამო ბოდიშს იხდის

ზვიად კვაჭანტირაძე თურქეთთან დაკავშირებით გოგი თოფაძის განცხადების გამო ბოდიშს იხდის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე თურქეთთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრ გოგი თოფაძის დღევანდელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის. 

როგორც კვაჭანტირაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გოგი თოფაძის მხრიდან ახალი მარგალიტების დაბადება ძალიან არასასიამოვნო იყო.
კვაჭანტირაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი გუნდი თოფაძის განცხადებას ემიჯნება.

"მინდა თურქ კოლეგებს ბოდიში მოვუხადო. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთანაც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მმართველი გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ დღეს, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საკომიტეტო მოსმენისას უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო "გაზპრომთან" თანამშრომლობის საკითხზე ქართულ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. თოფაძის თქმით, ეს გაუგებარია იმ ფონზე, როცა უამრავი "ნაგავი შემოგვაქვს" თურქეთიდან, რომელსაც "ჩვენი ტერიტორიები დაკავებული" აქვს.

"თურქეთიდან, რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? – განაცხადა გოგი თოფაძემ.