კახა კალაძე - დოკუმენტაცია მომაწოდეს, რომ გივი თარგამაძის სახელზე ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა, მეტსახელად

კახა კალაძე - დოკუმენტაცია მომაწოდეს, რომ გივი თარგამაძის სახელზე ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა, მეტსახელად "ბუღამ" რუსეთიდან გადმორიცხა თანხა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შოუს მოწყობა სცადა, მათი განცხადებები მხოლოდ სიცრუეს და დემაგოგიას ეფუძნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

მინისტრის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მათი მისამართით არაერთხელ გააკეთა განცხადება კონსტრუქციული თანამშრომლობის თაობაზე, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ დემაგოგიის ფორმატშია ჩარჩენილი".

კახა კალაძე დეპუტატ გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ბრალდებასაც გამოეხმაურა და მას იუმორით უპასუხა. 

"გუშინ ღამით მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომელშიც ასახულია თანხების გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან. გადარიცხვა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა გააკეთა, მეტსახელად ბუღამ. ბანკი არის "სულს ამოგხდით", გადმორიცხულია 7 450 000, ხოლო საქართველოში მიმღები ბანკია "ბოლო გაფრთხილება". თანხა გადმორიცხულია პარლამენტის ანგარიშზე და მითითებულია გივი თარგამაძე. ხოლო თანხის გამოყენების დანიშნულებად მითითებულია მახათების და ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის", - განაცხადა პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების ბოლოს კახა კალაძემ. 

ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს იმიტირებული გადარიცხვის ფურცელის აჩვენა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ცნობილმა კრიმინალმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადაურიცხა. 

გუშინ, გივი თარგამაძემ წარმოადგინა გადარიცხვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. თარგამაძის თქმით, ამ შეთანხმების გარანტორად დოკუმენტში მითითებულია ვიცე-პრემიერის კახა კალაძის პირადი ბანკი "კალა კაპიტალი". 

რაც შეეხება დავით ქარსელაძეს, როგორც გივი თარგამაძემ აღნიშნა, ის არის ცნობილი კრიმინალი მეტსახელად "კალატოზა", რომელიც შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში.