თინა ხიდაშელი - ჩვენი ამოცანაა უელსის სამიტზე წარვდგეთ პირნათელი

თინა ხიდაშელი - ჩვენი ამოცანაა უელსის სამიტზე წარვდგეთ პირნათელი

ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ მზად და პირნათელი, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი პაკეტის წარმატებისათვის - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

თავდაცვის მინისტრმა ელჩებს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული პროექტების იმპლემენტაციის პროცესი გააცნო. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ სამიტზე წარვდგეთ მზად და პირნათელი, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი პაკეტის წარმატებისათვის. 

ნატო-საქართველოს ერთობლივ ფორმატში თანამშრომლობამ ყველას უნდა აჩვენოს, რომ ამ წარმატებას აქვს საფუძველი და მყარ ნიადაგზე დგას.
ამ პაკეტის წარმატებით განხორციელებით უნდა გავუჩინოთ მოტივაცია ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოში ჩადებული ყოველი ცენტი, საქართველოს უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი ოფიცერი მათი მხრიდან, არის პოზიტიური და ემსახურება ერთობლივი ამოცანის შესრულებას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი (SNGP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და თავსებადობის მიღწევისთვის საჭირო ზომებისა და ინიციატივების ერთობლიობას. ხსენებული პაკეტი მიზნად ისახავს მხარდაჭერას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 13 სხვადასხვა მიმართულებით როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის. 

პაკეტი ითვალისწინებს რეკომენდაციების გაცემას, სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და სასწავლო აქტივობებს, მრავალეროვნულ წვრთნებსა და თავსებადობის გაზრდილი შესაძლებლობების მიღწევას.

შეხვედრა ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გაიმართა.