ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს ციხეებში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით პატიმრების რაოდენობა გაიზარდა

ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს ციხეებში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით პატიმრების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ციხეებში 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 2015 წელს პატიმრების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ევროსაბჭოს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. უწყების სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სულ 9 093 პატიმარი იყო. 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით კი მათი რიცხვი 10 372-მდე გაიზარდა. 

რაც შეეხება პატიმართა სიმჭიდროვეს, 2014 წელს 100 ადგილზე 42.5 პატიმარი მოდიოდა, 2015 წელს კი 47.8. ამას გარდა, 2014 წლის მონაცემებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე 202.5 პატიმარი მოდიოდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მასშტაბით, 2014 წელს 1 600 324 ადამიანი იყო ციხეში, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 7 პროცენტით ნაკლებია. ამასთან ევროსაბჭოს ქვეყნების ციხეებში არსებული ადგილების მიხედვით, საშულოდ 100 ადგილზე 94 პატიმარი მოდიოდა. ყოველი მეოთხე ციხე კი გადატვირთული იყო.