პარლამენტში კახა კალაძის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში კახა კალაძის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კახი კალაძეს დეპუტატები კითხვებით მიმართავენ. უმცირესობის წევრების შეკითხვები "გაზპრომთან" და "სოკართან" მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე დაისვა. კახი კალაძეს მიმართეს, ვინ იტყუებოდა – თავად, როცა ამბობდა, რომ "სოკარი" საქართველოს დამატებით გაზმომამარაგებას ვერ უზრუნველყოფდა, თუ "სოკარის" წარმომადგენლები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კომპანიას გაზის მიწოდებით მთელი საქართველოს უზრუნველყოფა შეეძლო. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციას იქეთკენ მიჰყავს საუბარი, თუ როგორ გაბედა ხელისუფლებამ "სოკართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გოკა გაბაშვილის საპასუხო განცხადება კი იყო ის, რომ "სოკართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საზოგადოების აქტიურობის და ზეწოლის შედეგად მოხდა. 

ვოლსკიმ ოპონენტებს მიმართა, ნუ წარმოაჩენენ საკითხს იმდაგვარად, თითქოს ხელისუფლება ცალკეა, ხოლო ოპოზიცია და საზოგადოება ცალკე. მის ამ პოზიციამ კამათი გამოიწვია, რის შემდეგაც ვოლსკიმ "ნაციონალური მოძარობის" წარმომადგენლებს მიმართა გაჩერებულიყვნენ და არ ეყაყანათ. 
ამაზე პასუხად დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა გია ვოლსკის ურჩია, რომ ყაყანი უმრავლესობაში მოიკითხოს.