დათანხმდება თუ არა მაკა ასათიანი

დათანხმდება თუ არა მაკა ასათიანი "მაესტროს" შენობასთან დაკავშირებით იჯარის გაგრძელებაზე ლევან გაჩეჩილაძის წინადადებას, დღეს გახდება ცნობილი

გააგრძელებს თუ არა შპს "ენ ინვესტმენტ" შპს "სტუდია მაესტროს" შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულებას, დღეს გახდება ცნობილი. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენ ინვესტმენტის" მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა, ასათიანი დღეს განცხადებას გაავრცელებს. 

"დღეს, რამდენიმე საათში გავრცელდება მაკა ასათიანის განცხადება. ჩემთვის მისი პოზიცია ცნობილია, თუმცა ამ დროისთვის მასზე არ ვისაუბრებ", - განაცხადა გვენეტაძემ. 

შენობა, სადაც ტელეკომპანია "მაესტრო" მდებარეობს შპს "ენ ინვესტმენტის" საკუთრებაშია. ტელეკომპანია აქამდე აღნიშნულ შენობაში საიჯარო ხელშეკრულებით ფუნქციონირებდა, რომელსაც ვადა დეკემბერში ამოეწურა. 

მაკა ასათიანის ადვოკატის განცხადებით, ამჟამად ტელეკომპანია შენობაში მაკა ასათიანის კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებს. 

როგორც მაკა ასათიანის მინდობილი პირი ბაია გადაბაძე აცხადებს, ასათიანი არ აპირებს შპს "სტუდია მაესტროს" აღნიშნული შენობა დაუთმოს და შესაბამისად, ლევან გაჩეჩილაძე სხვა ფართის გამონახვა მოუწევს. თავის მხრივ, 7 მარტს გამართულ შეხვედრაზე, ლევან გაჩეჩილაძემ მაკა ასათიანს ადვოკატის მეშვეობით მიმართა საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასათიანი უარს იტყვის იჯარის გაგრძელებაზე, გაჩეჩილაძის თქმით, ალტერნატიულ ფართს მოძებნის.