ღმერთმა ქნას, რომ ტყუილი იყოს, - ასე გამოეხმაურა თარხან ბათირაშვილის მამა თემურ ბათირაშვილი მისი შვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც თემურ ბათირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას არავინ დაკავშირებია და არც არაფერი იცის. ის იმედოვნებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იქნება.
"არაფერი არ ვიცი. ტელევიზიით გავიგე, რომ ამერიკელების დაბომბვაში მოჰყვა. მე არაფერი არ ვიცი და არც მეზობლებმა იციან არაფერი", - განაცხადა თემურ ბათირაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დიდი ხანია მის შვილს არ დაურეკავს.
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა მოკლული იყოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელსაც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე "გავლენიანი მეთაურის" რეპუტაცია ჰქონდა, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. არსებული ცნობით, ბათირაშვილის ლიკვიდაციას პენტაგონიც ადასტურებს.
როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.