ალექსი პეტრიაშვილი - თუ ვინმეს სჭირდება ამ საქმის გახსნა, ეს არის უმთავრესად საქართველოს ხელისუფლება

ალექსი პეტრიაშვილი - თუ ვინმეს სჭირდება ამ საქმის გახსნა, ეს არის უმთავრესად საქართველოს ხელისუფლება

ვერც ერთ შემთხვევაში ამ საქმეს ვერ დაერქმევა გახსნილი, თუ გამოვლენილი და დასჯილი არ იქნება დამკვეთი, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
ალექსი პეტრიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის, ქვედანაყოფებისა და გამომძიებლების მისამართით მადლიერება გამოხატა. 

"როგორც მე ტელევიზორიდან გავიგე, ეს ერთი ადამიანი იბრალებს ყველაფერს, რომ ჩაქუჩიც, ბეისბოლის ბიტაც, იარაღიც მას ჰქონდა, თუმცა ჩემთვის ეს არ არის გასკვირი, რადგან ის დაკვეთას ასრულებს. მაქსიმალურად ცდილობს დამკვეთის, მისი თანამზრახველის დამალვას", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა გამოვლინდეს დამკვეთი და მოტივი და მათი დასჯა აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მოხდეს.

"მიუხედავად მთელი ამ აქტიური მუშაობისა და მე ამას არც ერთ შემთხვევაში ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ვერც ერთ შემთხვევაში ამ საქმეს ვერ დაერქმევა გახსნილი, თუ გამოვლენილი და დასჯილი არ იქნება დამკვეთი. პირველ რიგში, უნდა გამოვლინდეს დამკვეთი და მოტივი. აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დასჯა კანონის მთელი სიმკაცრით იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი დაინტერესებულია და ეს საქმე კონტროლზე აქვს აყვანილი. "თითოეული ჩვენგანი დაინტერესებულია, რადგან ეს ქვეყნისთვის არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, ძალიან სერიოზული სილის გარტყმა. 

"თავისუფალ დემოკარტებს" ბევრი საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი გვყავს, არც ჩემი და ჩემი მეგობრების ტელეფონი გაჩერებულა. ეს საყოველთაო შეშფოთებას, განრისხებას იწვევდა როგორც ნატო-ში, ისე აშშ-ში, ნიდერლანდებში, ევროკავშირში, ევროპის საბჭოში და ა.შ. მოლოდინი არის ძალიან მაღალი", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება დამკვეთს, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი გაუჭირდება. კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია, რომ დამკვეთს ხელისუფლებაში ჰყავდეს სანაცნობო წრე და ეს გამოძიებას ხელს უშლიდეს, პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია, თუმცა მისივე თქმით, თუ ვინმეს სჭირდება ამ საქმის გახსნა, ეს არის უმთავრესად საქართველოს ხელისუფლება. 

"უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს ამ ქვეყანაში სჭირდება "თავისუფალი დემოკრატის" წევრის, ალექსი პეტრიაშვილის, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გახსნა, უმთავრესად ეს არის საქართველოს ხელისუფლება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საქმე, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ღირსების საქმე და მათდამი ნდობის საკითხი", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

მისივე თქმით, გამოძიების მხრიდან არავითარი გზა-კვალის არევისა და საქმისთვის სხვა მიმართულების მიცემის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. 
ამასთან, ალექსი პეტრიაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებს მოუწოდა, რომ საკუთარ აქტიურ და ენერგიულ პოლიტიკოსებს მჭევრმეტყველი განცხადებებისგან თავი შეაკავებინონ.