კახა კალაძე - ოჯახთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების მიზანი, გარკვეული ჯგუფების მიერ ამ საკითხით მანიპულირების დასრულებაა

კახა კალაძე - ოჯახთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების მიზანი, გარკვეული ჯგუფების მიერ ამ საკითხით მანიპულირების დასრულებაა

ოჯახთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების მიზანი, გარკვეული ჯგუფების მიერ ამ საკითხით მანიპულირების დასრულებაა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, გარკვეული ძალები ქვეყნის პროდასავლური კურსისთვის ზიანის მიყენებას სენსიტიური საკითხებით მანიპულირებით ცდილობენ. ანტიდისკრიმინაციული კანონი კი ემსახურება მიზანს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება თანაბრად იყოს დაცული. 

"კანონით ეს რეგულირდება, უბრალოდ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ეს ავიტანოთ კონსტიტუციაში, რადგან თქვენ ხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ქვეყანაში არის გარკვეული ჯგუფები, ვინც ამ სენსიტიურ, ძალიან მნიშვნელოვან თემას იყენებს სათავისოდ, აძლევს სხვა ინტერპრეტაციას. იყენებენ ევროპული ღირებულებების, იმ კურსის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ თემით დასრულდეს სპეკულირება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კალაძის თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიხედვით გამოიკვეთა ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებს და საქართველოს დასავლური კურსისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.

"ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან აშკარად ჩანს თუ რომელი კონკრეტული დაჯგუფებები მანიპულირებენ ამ თემით. ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და ამ კურსის მთავარი გამტარებელი არის საქართველოს მთავრობა, გვინდა, რომ რაიმე სახით არ იყოს დაზიანებული ეს მიმართულება, ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მიღებული, ზუსტად ასახავს და იცავს იმას, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები იქნება თანაბრად დაცული, ამის გარანტი არის მიღებული კანონმდებლობა და საქართველოს მთავრობა", - განაცხადა კახა კალაძემ.