საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრმა დეპუტატებთან შეხვედრაზე უნდა განმარტოს, რატომ იყო "გაზპრომთან" მოლაპარაკებების პროცესი გაურკვეველი და გაუგებარი.
ჩიქოვანი ელოდება, რომ კახა კალაძე დღევანდელ საკომიტეტო სხდომაზე, კომპანია "გაზპრომთან" მოლაპარაკებების შესახებ პარლამენტის წევრებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
"ჩვენ ენერგეტიკის მინისტრთან გვაქვს კითხვები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ენერგოუსაფრთოებასა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციასთან. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კახა კალაძის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის საკითხი – ჩვენ ის ფრაქციის სხდომაზე რამდენჯერმე მივიწვიეთ და არც ერთხელ არ გამოცხადდა. ასევე, ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს ენერგოსფეროს ინტეგრაციის საკითხი ევროენერგო გაერთიანებაში და მასთან დაკავშირებული პროცესი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ჩოქოვანმა.
პარლამენტში დღეს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მივა. მინისტრთან ერთად, მის მოადგილეებს მარიამ ვალიშვილსა და ილია ელოშვილსაც მოუსმენენ. მათი მოსმენა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 11:00 საათისთვის არის დანიშნული.