მსჯავრდებულ ქალბატონებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა 8 მარტი მიულოცეს

მსჯავრდებულ ქალბატონებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა 8 მარტი მიულოცეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ეწვივნენ და მსჯავრდებულ ქალბატონებს  8 მარტი მიულოცეს.

სტუმრებს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა უმასპინძლა. მან აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და სხვა წარმომადგენლებს დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და ქალბატონების სასჯელის მოხდის პირობები გააცნო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაიამ მსჯავრდებულებს ქალთა დღე მიულოცა და დაწესებულებაში სტუმრობის საშუალებისთვის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილსა და სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა ყველა ქალბატონს, ვინც მსჯავრდებულია და ვინც აქ მუშაობს, მივულოცო ქალთა საერთაშორისო დღე. დაწესებულებაში არსებული ვითარება გასაოცარია, მოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო და სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, სამლოცველოები. განწყობა, რომლითაც მსჯავრდებულები და თანამშრომლები   ერთმანეთს ხვდებიან, სამაგალითოა. ჩემი შეფასებით, აქ მთავარი მიღწევა ისაა, რომ მიუხედავად ციხეში ყოფნისა, თავს ყველა ადამიანად გრძნობს.  დაწესებულებაში  ბავშვებისთვის ცალკე კორპუსია, მაღალ დონეზეა მოწყობილი სამკერვალო და სილამაზის სალონი“,- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მსჯავრდებულ ქალბატონებს 8 მარტი პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა.

„ყველა ქალბატონს მინდა მივულოცო 8 მარტი, განსაკუთრებით აქ მყოფებს.  ქალთა  საერთაშორისო დღის მოსალოცად პენიტენციურ დაწესებულებას  აფხაზეთის მთავრობა წარმომადგენლობითი დელეგაციით ესტუმრა“, - განაცხადა ზვიად  მიხანაშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგნლებმა N5 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.  სტუმრებისთვის დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალბატონების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.