გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 3 თებერვალს გაიმართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, კვლავ 8.0 %-ზე დატოვა.
როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დამატებით შებოჭვით შეასუსტებს ინფლაციურ ზეწოლას.
მაშინ სებ-ში აღნიშნეს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოსა და ზოგადად, ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იმ იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე პროცენტის ზრდას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, 3 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ლარში გამოტანილი სესხების პროცენტები უცვლელი დარჩა.