საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
დავით უსუფაშვილმა და გიუნტერ ბეხლერმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე პროცესები, საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის პოტენციალი და ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას იმ გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, არამედ მთელ დემოკრატიულ საზოგადოების წინაშე დგას.
"ევროპელ სტუმართან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ საერთო საფრთხეებზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, რომლებიც მთელ დემოკრატიულ სამყაროს ემუქრება. ამ თვალსაზრისით ეუთო საქართველოს უყურებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას უსაფრთხოების სისტემაში. ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს პრობლემებად მიგვაჩნდა და სხვები ამას საქართველოს პრობლემად თვლიდნენ, კერძოდ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, დღეს ყველას მიერ გაცნობიერებულია როგორც საერთო პრობლემა. ეს პოზიტიური მიდგომაა, რომ საქართველო არის კოლექტიური მცდელობის პროცესში, რომ შევაჩეროთ რუსული საფრთხე და მივაღწიოთ იმას, რასაც მთელი მსოფლიო, გარდა რუსეთისა და კიდევ სამი ქვეყნისა, სრულიად ცალსახად ხედავს, რომ საქართველო არის ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო", - განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრო.