ეს არის პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შესვლა, ნაბიჯი პოლიტიკური მახისკენ, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე მმართველი უმრავლესობის ინიციატივას.
უსუფაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცესს "რესპუბლიკური პარტია" ემიჯნება.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესში აღნიშნული თემის დომინირება, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის.
მისივე თქმით, თუკი ვინმე თვლის, რომ რაიმე მეტად და უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს კონსტიტუციაში, ამას სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება.
"ცალსახად ითქვა, რომ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე არანაირი თემა არ განხილულა, ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის გარდა. პოლიტსაბჭოს ამ სხდომაზე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლობა არ იყო - მე გახლდით როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ცხადია, "რესპუბლიკელიც" ვარ, მაგრამ "რესპუბლიკურმა პარტიამ" პოლიტსაბჭომდე განცხადება გააკეთა, რომლითაც მან ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტია" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინებას აღიარებს როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით ნაკლული სამართლებრივად არ არის. თუკი ვინმე თვლის, რომ რაიმე მეტად და უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს შიგნით, ამას სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება. იმ ვითარებაში, როდესაც ცვლილების ინიცირება ხდება, ამით იმის გაცხადება ხდება, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა კონსტიტუციას რაღაც აკლია, ხოლო თუ ინიცირებას სწრაფი გადაწყვეტილება არ და ვერ მოჰყვება, მაშინ ჩვენ ვტოვებთ პრობლემას კიდევ უფრო გამრავლებულს და პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გარკვეულ პოლიტიკურ დანაღმულ ველზე შესვლა. ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, რომლის საფუძველზეც და რომლის ფონზეც უნდა მოხდეს საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღება და არა საეჭვო წარმოშობისა და საეჭვო მიზნების თემით. მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს თემა გულწრფელად აწუხებს, მაგრამ საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს ემსგავსება. ამიტომ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და "რესპუბლიკური პარტია ინიცირების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პატივს სცემს კოალიციის იმ წევრების, ასევე საკუთარი პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენლების მოსაზრებას, ვინც საკითხს განხილავს წმინდა ზნეობრივ და მორალურ ჩარჩოში და არა - პოლიტიკურ ჩარჩოში.
"ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ პოლიტიკურ ჩარჩოშიც და აქ არის განსხვავებაც", - დასძინა მან.