ნატო მხარს უჭერს საქართველოს, რომელსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს, - როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ამის შესახებ ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე: "ნატო-ს ვარშავის სამიტი: შესაძლებლობები და მოლოდინები" განაცხადა.
"ჩვენი თანამშრომლობა რეგიონში ძალიან ძლიერი და სტაბილურია. რეგიონის სამივე ქვეყანა დაინტერესებულია ნატო-სთან პარტნიორობის შენარჩუნებით", -აღნიშნა ლაჰიუმ.
ამასთან, გამოცემა "1news"-ი იტყობინება, რომ ნატო მალე კავკასიის რეგიონში სამხედრო სწავლებების ჩატარებას გეგმავს.
"გამომდინარე იქედან, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატია, რეგიონში მალე იგეგმება რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარება", - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.
თავის მხრივ, ნატო-ს გენშტაბის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტეფან ელგერსმამ განაცხადა, რომ ალიანსი გეგმავს აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ პროექტებში ჩართოს.