ქუთაისის მერიიდან სარვამარტო მოსაწვევების დაუკითხავად წაღების გამო, ჟურნალისტი პოლიციაში დაიბარეს

ქუთაისის მერიიდან სარვამარტო მოსაწვევების დაუკითხავად წაღების გამო, ჟურნალისტი პოლიციაში დაიბარეს

ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძის განცხადებით, ქუთაისის პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაიბარეს. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში, დღეს, 8 მარტთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტის ბილეთების "გატაცებას" ედავება.

"მივედი მერიაში და ვუთხარი, რომ ბილეთები მინდოდა, რაზეც მათ უარი მითხრეს. მიპასუხეს, რომ ბილეთები აღარ ჰქონდათ. ამის შემდეგ დავინახე, რომ მაგიდაზე იდო ბილეთები, ავიღე 16 ბილეთი და ქუთაისის ბაზარში მომუშავეებს დავურიგე. ამის მერე შევიტყვე, რომ მერიამ პოლიციაში მიჩივლა", - განაცხადა ქემოკლიძემ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით კი, გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ქემოკლიძის მხრიდან.

"მერიაში მას განუცხადეს, რომ ეს მოსაწვევები სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის იყო, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და ბილეთები მაინც აიღო. ასევე არ ვიცით, რა წაიღო მან მოსაწვევებთან ერთად. ყველაფერს გამოძიება დაადგენს,"- აცხადებს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.