ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა იყო კარგად ორგანიზებული, დაკვეთილი კრიმინალური ფაქტი

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა იყო კარგად ორგანიზებული, დაკვეთილი კრიმინალური ფაქტი

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა იყო კარგად ორგანიზებული, დაკვეთილი კრიმინალური ფაქტი. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში განუცხადა.

მისი განმარტებით, დღეს უნდა მოხდეს ალექსი პეტრიაშვილის გამოწერა.

"მან ყველა ჭრილობა ვერ მოიშუშა, მაგრამ სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას. რაც მთავარია, იგი ჯანმრთელია და იმედია, მალე დაუბრუნდება აქტიურ საქმიანობას", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ სისხლის სამართლის საქმე საბოლოოდ გაიხსნება და მეორე თანამზრახველის დაკავებაც მოხდება.

"რაც მთავარია, შემკვეთის დაკავება უნდა მოხდეს, რადგან ეს იყო შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა, ეს იყო ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. ამიტომ მუხლიც უნდა გადაკვალიფიცირდეს. კმაყოფილებას გამოვხატავ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით, რომ ერთი პირი დაკავებულია, რომლის დნმ-ს მონაცემები თანხვედრაშია იმ დნმ-ს კვალთან, რომელიც დატოვებული იყო ჩაქუჩზე. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ეს საქმე გამოძიებულად ვერ ჩაითვლება, თუკი დამკვეთი არ იქნება დაკავებული. რაც შეეხება მოტივებს, მოტივები უცნობია. თუმცა გამოვრიცხავ პირად ანგარიშსწორებას. ეს აბსურდი შემოგდებულია მექვაბიშვილის ადვოკატის მიერ და მას უნდა საქმის სხვა მიმართულებით წაყვანა. ეს იყო კარგად ორგანიზებული, დაკვეთილი კრიმინალური ფაქტი", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.