ვერავინ ვერ დაგვიშლის, რომ ბიძინა ივანიშვილთან ადამიანური ურთიერთობა გვქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა არჩევნებში.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მას არ ესმის, რატომ არ უნდა ჰკითხონ ბიძინა ივანიშვილს აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
"საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა პოლიტიკური ოჯახი, სადაც ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ლიდერი. ჩვენ ერთმანეთს არაფერს არ ვთხოვთ გარდა კეთილი დამოკიდებულებისა, ერთად დგომისა. ბიძინა ივანიშვილი გამორჩეულია, ყველა დამეთანხმებით. არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს თვითონ და არ ჩაერევა ზედმეტად. მე არ მესმის რატომ არ უნდა ვკითხოთ ბიძინა ივანიშვილს, ლიდერს, ყოფილ პრემიერს, უამრავი ინფორმაციის მფლობელ ადამიანს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აზრი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.