,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო ინიციატივას, რომ "ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა" მხარს არ დაუჭერს.
როგორც "ინტერპრესიუსს" თარგამაძემ განუცხადა, ეს საკითხი ისედაც ფორმულირებულია სამოქალაქო კოდექსში.
,,ხელისუფლება ვერ გამოდის იმ სახიფათო წრიდან, როდესაც საკუთარი წარუმატებლობის დაბალანსებას ცდილობს ამ ძალიან რადიკალური ჯგუფების გრძნობებზე თამაშით და ამ მხრივ სიძულვილის გაღვივებით. ეს საკითხი ფორმულირებულია სამოქალაქო კოდექსში და შესაბამისად, ეს ყურით მოთრეული საკითხია. აქედან გამომდინარე, მე მხარს არ დავუჭერ და ვფიქრობ, რომ ამის განხილვა ზედმეტია", - განაცხადა თარგამაძემ.
აღნიშნულ ინიციატივაზე, მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით, ,,ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი თარგამაძის მსგავსად ფიქრობს, რომ საკითხი მკაფიოდ ჩამოყალიბებულია სამოქალაქო კოდექსში, თუმცა იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული საკონსტიტუციო ინიციატივა კენჭისყრაზე გამოვა, მიხეილ მაჭავარიანი მხარს დაუჭერს.