"მრეწველები" პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან

"მრეწველები" პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან. როგორც ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" "მრეწველთა" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი როგორც "რესპუბლიკელებს" შეხვდა, ასევე შეხვდება კოალიციაში შემავალ ყველა სხვა პარტიას - მათ შორის "მრეწველებს".

მისივე თქმით, შეხვედრა მაშინ შედგება, როცა ამის დრო და საშუალება პრემიერ-მინისტრს ექნება.

"მინდა გითხრათ, კონფლიქტთან დაკავშირებით, რაზეც ბოლო პერიოდში მიდის საუბარი, "მრეწველები" საჯარო განხილვებს ვწყვეტთ. თუკი ამაზე კითხვები იქნება, მხოლოდ პოლიტსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ.

კითხვაზე, "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის გართულებული ურთიერთობების თემაზე ხომ არ ჰქონიათ მათ საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ტყემალაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილთან ასეთი საუბარი არ შემდგარა.