აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დაუყონებლივ გაათავისუფლოს და უკრაინაში დააბრუნოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ღრმად ვარ შეშფოთებული უკრაინელი მფრინავის ნადია სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც პარასკევიდან საკვების და წყლის მიღებაზე უარს აცხადებს, რუსეთის ფედერაციის მიერ მისი პატიმრობაში დატოვების გასაპროტესტებლად.
უკვე 20 თვეზე მეტი გავიდა, რაც ის უკრაინის აღმოსავლეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ამ პერიოდში მან დაკითხვები, იზოლატორში ყოფნა და იძულებითი "ფსიქიატრიული ექსპერტიზები" გადაიტანა. მისი სასამართლო პროცესი და დაკავება იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი საერთაშორისო სტანდარტებსა და მინსკის შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებებს პატივს არ სცემს.
აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს სავჩენკო და დააბრუნოს ის უკრაინაში", - ნათქვამია ჯონ კერის განცხადებაში.
ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა 3 მარტს გამოაცხადა.
უკრაინელ მფრინავს ბრალად ედება რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. თავად სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.