გია ვოლსკი დავით ბერძენიშვილის მიერ პარტიების დანომრვას არ ეთანხმება

გია ვოლსკი დავით ბერძენიშვილის მიერ პარტიების დანომრვას არ ეთანხმება

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი არ ეთანხმება "რესპუბლიკური პარტიის" წევრის, დავით ბერძენიშვილის მიერ პარტიების დანომრვას.

როგორც გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხზე მას და ბერძენიშვილს განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთამენთს უპირისპირდებიან.

"ასეც რომ იყოს და რაღაც გამორჩეული იყოს მარგი ქმედების კოეფიციენტი ინტელექტუალურად, მე ვერ ვიტყოდი, რომ კოალიციის სხვა სუბიექტები რაიმეთი მოისაკლისებენ ან ცოდნას ან გამოცდილებას.

მაგრამ, როგორც დავითი განმარტავს, რაოდენობით "რესპუბლიკელები" მეორენი არიან პარლამენტში და ერთადერთი პარტიაა, რომელსაც მთავრობაში თავისი პარტიის წარმომადგენელი მინისტრები ჰყავს. ეს სტატისტიკა რა საჭიროა ვერ ვხვდები, მაგრამ რადგან ასე ამბობს, ჩვენც პრაგმატულად მივუდგეთ.

ამ საკითხებზე თუ მე და ბერძენიშვილს განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მამასისხლად ვართ ერთმანეთს გადაკიდებული. კარგია, რომ ის ამას ღიად ლაპარაკობს, მაგრამ მაინცდამაინც პოპულარული არ არის ეს განცხადებები როგორც კოალიციაში, ისე საზოგადოებაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რამდენიმე დღის წინ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად პარლამენტშიც, მთავრობაშიც, გამოკვეთილად, ნომერ პირველი პარტია არის ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო", მეორე პარტია არის ,,რესპუბლიკური პარტია".

ბერძენიშვილის თქმით, პარლამენტში ,,რესპუბლიკური" ფრაქცია შედარებით უფრო მოზრდილია, ვიდრე სხვა პარტნიორების ფრაქციები.

,,ფაქტობრივად პარლამენტშიც, მთავრობაშიც, გამოკვეთილად, ნომერ პირველი პარტია არის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", მეორე პარტია არის ,,რესპუბლიკური პარტია", რომელსაც ჰყავს მთავრობაში თავისი მინისტრები და წარმომადგენლები", -განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.