"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი ქორწინების თაობაზე ,,ქართული ოცნების" ინიციტივას მხარს დაუჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ოჯახის ცნების საკონსტიტუციო დონეზე განსაზღვრის საკითხის წამოწევა "სუფთა პოლიტიკური თამაშია".
როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქალაქო კოდექსშიც "ყველაფერი" მკაფიოდ წერია.
"მიუხედავად იმისა, რა ეწერება კონსტიტუციაში, ოჯახი არის ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა, შვილები, მათი აღზრდა და ა.შ. როგორც ჩანს, ,,ქართულ ოცნებას" საქმე გამოელია. თუ ამით ტესტს აკეთებენ და მიაჩნიათ, რომ მეტი პრობლემაა არ არის ქვეყანაში, კი ბატონო, გატესტონ. დიახ, დავუჭერთ მხარს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური თამაშები და ამით არიან დაკავებულები. ერთ დღეს გამოდის პრემიერი და ამბობს, მკაფიოდ წერია და რათ გვინდაო, მერე შეიკრიბებიან და ამბობენ, ჩავწეროთო. წერონ და იკითხონ", - განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციის დონეზე განისაზღვროს, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა.