შენგენის ზონის "ნორმალური ფუნქციონირების" აღდგენა 2016 ბოლომდე - ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამის შესახებ გუშინ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე მიღებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ "შენგენთან დაბრუნება" და შიდა საზღვრებზე დაწესებული კონტროლის გაუქმება - "პრიორიტეტული საკითხია".
ამ მიზნით, საბერძენთი ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად, ასევე ალბანეთსა და მაკედონიასთან საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად, დამატებით თანხებს მიიღებს.
გარდა ამისა, ევროპის სასაზღვრო სამსახური "ფრონტექსი" ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამატებითი რაოდენობის მესაზღვრეების გამოყოფით მიმართავს, "ევროპოლი" კი მიგრანტების რეგისტრაციის ცენტრებში თანამშრომლებს გაგზავნის.
"დოიჩე ველე" წერს, რომ ევროკავშირი-თურქეთის სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, ე.წ.ბალკანეთის მარშრუტის დახურვაზე განცხადება არ გააკეთონ. ერთობლივ კომუნიკეში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ "დასავლეთ ბალკანეთის მარშრუტით მიგრანტების უკონტროლო ნაკადი უნდა შეჩერდეს".