ევროკავშირმა თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი შესაძლოა ივნისში დააწესოს

ევროკავშირმა თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი შესაძლოა ივნისში დააწესოს

ევროკავშირმა თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი შესაძლოა ივნისში დააწესოს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ვიზების გაუქმება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თურქეთი გუშინ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, მიგრაციულ კრიზისთან ბრძოლის საკითხზე შემუშავებულ გეგმას სრულად შეასრულებს.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, თურქეთი ითხოვს, რომ ევროპიდან უკანონო მიგრანტების მიღების სანაცვლოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი დაწესდეს და ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაჩქარდეს.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ თურქეთთან უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ ანკარა 72 კრიტერიუმს შეასრულებს.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ოლანდის თქმით, ეს პროცესი "დასასრულისგან ჯერ კიდევ შორს არის".