ზოგიერთ ადამიანს საერთოდ იმედიც კი აღარ აქვს, რომ გარკვეულწილად სამართლიანობის აღდგენა მოხდება, – ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ანა დოლიძის კანდიდატურას განიხილავენ.
დეპუტატი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის აზრით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან ბევრი პრეტენზია დაგროვდა.
"დიდი მოლოდინი იყო საქართველოში, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა სამართლიანობის აღდგენის და ამ მიმართულებით, საკმაოდ ბევრი პრეტენზია დაგროვდა არსებულ ხელისუფლებასთან, რომ ეს აღდგენის პროცესი არის დაგვიანებული, შეჩერებული, ზოგს საერთოდ იმედიც კი აღარ აქვს, რომ გარკვეულწილად მოხდება სამართლიანობის აღდგენა. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემას მართავენ ისეთი მოსამართლეები, რომლის გადაწყვეტილებაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ შეფასდა, როგორც გამაოგნებელი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანობის აღდგენა, როგორც მოსამართლეს, თუ რა თქმა უნდა პარლამენტმა მხარი დაგიჭირათ, არსებული რესურსიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც არსებობს დღეს სასამართლო სისტემაში. ქალბატონ გვენეტაძის მისვლამ რა შეცვალა, თქვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, და თქვენი მისვლით რას აპირებთ ზოგადად, როგორ უყურებთ თვითონ ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესს ქვეყანაში და ნდობის აღდგენას, რა თქმა უნდა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების ნდობას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ფრაქცის ფორმატში შეხვედრის სურვილიც გამოქთქვა და აღნიშნა, რომ დოლიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ფრაქცია ამის შემდეგ მიიღებს.